суббота, 10 января 2009 г.

ჩემი უბანი

გამარჯობა! მე მარიამ ციხითათრიშვილი ვარ. ჩემი სახლი, რომელიც პაპაჩემმა ააშენა 1966 წელს, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ხერხეულიძის ქუჩა 19-ში. ქუჩას წლების წინ მარქსის სახელი ერქვა, ახლა კი ცნობილი გორელი მსახიობის შალვა ხერხეულიძის საპატივსაცემოდ მის სახელს ატარებს. ჩემს უბანს ციხის უბანს ეძახიან გორის ციხესთან სიახლოვის გამო. უბანში ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი, დაბალი სახლები.
ხერხეულიძის ქუჩა პატარაა და მყუდრო. აქ ყველას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ვიცით თანადგომა ჭირსა და ლხინში. ეს მკაფიოდ გამოიხატა ომის დროს. როცა ქალაქი დაცარიელდა, უბანში დარჩენილებმა დიდი ყურადღება გამოიჩინეს ყველა მიტოვებული სახლის მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს მინები ჰქონდა ჩამსხვრეული.
უბანში ყველა, ვისაც ოდნავ მაინც შეუძლია, ცდილობს გაალამაზოს თავისი სახლი, რომ შემდეგ გააქირაოს. ჩემს სახლშიც გახსნილია სილამაზის სალონი.
მე ძალიან საინტერესო უბანში ვცხოვრობ, რადგან ეს პატარა ქუჩა, სადაც მხოლოდ საკუთარი და თანაც დაბალი სახლები დგას, უერთდება გორის დედაქუჩას – სტალინის გამზირს, სადაც 4 – 5 სართულიანი კორპუსები დგას. ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა საბრძოლო დიდების მუზეუმი, ოდნავ ზემოთ სტალინის სახლ-მუზეუმი თავისი ლამაზი ბაღითა და შადრევნით. გორელების უსაყვარლესი ადგილია ეს ბაღი, რომელსაც “ფანტანს” ეძახის ყველა. მეც ძალიან მიყვარს აქ სეირნობა ზაფხულში და შადრევნის წყლით გაგრილება.
ჩემს სახლთან ახლოს არის ქალაქის ცენტრალური ფოსტა, იქვეა მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლითაც მეც ვსარგებლობ, როცა სკოლაში მივდივარ.
ჩემს უბნში მაღაზიებიც მრავლადაა, ასე რომ შორს წასვლა არ გვჭირდება საჭმლის საყიდლად.
მე ვფიქრობ, რომ გორში ყველაზე კარგ ადგილას მე ვცხოვრობ , რადგან ყველაზე მყუდროც არის და ყველაზე მჩქეფარეც. ამავე დროს ყველაზე ადვილად მისასვლელიც.